Friday, February 8, 2013
და ბოლოს...
ჩემი თემის დასასრულს მინდა გითხრათ თუ რა გამოცდილება მომცა ამ თემაზე მუშაობამ. აღმოვაჩინე ბევრი საინტერესო ფაქტი, მაგალითად ის რომ გამოკითხული 100 კაციდან თეატრი უყვარს 83% პროცენტს, მაგრამ თეატრში ხშირად დადის მხოლოდ 15 %. გარდა ამისა ნათლად დავინახე, რომ დღეს საქართველოში თეატრი ბიზნესის კუთხით პერსპექტივით ნამდვილად ვერ იამაყებს. ყველაზე მეტად სასიამოვნო აღმოჩენა კი ჩემთვის იყო ის, რომ თეატრი ახალგაზრდა დამწყებ მსახიობებს მხოლოდ პროფესიად არ აქვთ ქცეული(და ვერც ექნებათ სამსახურად ქცეული, რადგან არ აქვთ შემოსავალი) და რომ მათ გულწრფელი სიყვარულით უყვართ ეს საქმე. თუმცა იყო არასასიამოვნო აღმოჩენებიც მაგალითად ის რომ თეატრის მიმართ ის გულწრფელი სიყვარული რაც ადრე იყო დღეს ცოტას თუ აქვს, სამწუხაროა მაგრამ თეატრი ახლა უმეტესად უყვართ იმიტომ, რომ ,,მოდაშია”.
და ბოლოს მინდა ვთქვა, მე მიხარია, რომ ვსწავლობ ისეთ უნივერსიტეტში, რომელსაც საკუთარი, საკმაოდ ცნობილი თეატრი აქვს! სულ ეს იყო ალბათ რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ...
იმედია ბლოგი თქვენთვის საინტერესო იქნება.
თეატრი ბიზნესის გადმოსახედიდან...
ძველად ქართულ თეატრს როგორც უკვე ვნახეთ ინტელიგენცია მფარველობდა, მაგრამ საიტერესოა რა ვითარებაა დღეს. მე, როგორც ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა, გადავწყვიტე მცირე კვლევა ამ კუთხითაც ჩამეტარებინა. საინტერესოა არის თუ არა დღეს თეატრი ბიზნესის მხრივ პერსპექტიული.
მცირე კვლევის შემდეგ რეალობა საკმაოდ არასასიამოვნოა, როგორც, აღმოჩნდა თეატრის დაფინანსება ნამდვილად არ წარმოადგენს მომგებიან ინვესტიციას.
შეკითხვა: თქვენი აზრით, ბიზნეს გადასახედიდან ამ დარგებს შორის რომელი უფრო მომგებიანია გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში?
1. კინო ინდუსტრია
2. დოკუმენტური ფილმები
3. თეატრები და ოპერა + ბალეტი
4. შოუ-ბიზნესი
კვლევის მიხედვით
1. კინო ინდუსტრია 10%
2. დოკუმენტური ფილმები 80%
3. თეატრები და ოპერა + ბალეტი 2%
4. შოუ-ბიზნესი 8%
ასეთი ვითარებაა ბიზნესის კუთხით ამ საკითხში. არც ისე სახარბიელო თუმცა რას ვიზამთ, რეალობას ვერ გავექცევით.
თეატრი თანამედროვე საქართველოში...
თეატრი თანამედროვე საქართველოში... დღევანდელ საქართველოში როგორც აღმოჩნდა ხელოვნება, კონკრეტულად კი თეატრი საკმაოდ აქტუალური საკითხია. თითქმის ყოველ დღე სხვადასხვა სატელევიზიო არხზე თუ ჟურნალ-გაზეთებში ხშირია სიუჟეტები და სტატიები ამ სფეროში განვითარებულ მოვლენებზე. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, გავსაუბრებოდი ჩემი ასაკის ახალგაზრდებს, რადგან ვფიქრობ მათი შეხედულებები საკმოად საინტერესოა. ერთი დღით ჟურნალისტის პროფესია მოვირგე და მივაკითხე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს. გიორგი გიორგობიანს და ლუკა ქიტუაშვილს. მათ აქვთ თეატრალური სტუდია ,,პერსონაჟები”, რომელიც ერთ-ერთ სკოლში ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საწყის ეტაპზე არიან, მათ უკვე დადგეს ორი სპექტაკლი. ახლა გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუებიდან:
რესპოდენტი_ გიორგი გიორგობიანი
თქვენი აზრით, არის თუ არა თეატრი მნიშვნელოვანი საზოგადოებისათვის და ახდენს თუ არა რაიმე სახის გავლენას?
ჩემი აზრით, თეატრის მნიშვნელობა და გავლენა საკმაოდ დიდია, პირველ რიგში ის ხელს უწყობს ადამიანის განათლების დონის ამაღლებას, ასევე აყალიბებს გემოვნებას და რაც მთავარია ხშირ შემთხვევაში უზრუნველყოფს, ადამიანის როგორც, პიროვნების ჩამოყალიბებას.
თქვენი აზრით, სპექტაკლი არის უბრალოდ კარგი გასართობი თუ აქვს რამე განსაკუთრებული ფუნქცია?
ვფიქრობ, რომ სპეტაკლი არ უნდა აღვიქვათ მხოლოდ როგორც გასართობი, რადგან თითოეული დადგმა განსაკუთრებული დანიშნულებისაა, რეჟისორის მიზანია საკუთარი სპექტაკლით მაყურებელს სხვა კუთხით დაანახოს დღევანდელი დღე ან პრობლემატური საკითხი შედარებით მსუბუქი საშუალებით გადმოსცეს. მითუმეტეს, რომ სპექტაკლი სულიერ საზრდოდაც აღიქმება. შემიძლია გავიხსენო ერთი ფაქტი, რომელიც რაც არ უნდა არარეალურად მოგეჩვენოთ მაინც სინამდვილეა. სპექტაკლმა ,,ვარსკვლავებიდან ჩამოსული კაცი” ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ქალს , რომელსაც თავის მოკვლა ქონდა გადაწყვეტილი ამ დადგმა აზრი შეაცვლევინა. ასეთი გავლენა ხშირი ფაქტია.
მინდა გკითხოთ, თქვენ როგორ უყურებთ მსახიობობას, როგორც პროფესიას, თუ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხს?
მსახიობობა ჩემთვის ნამდვილად არ არის მხოლოდ პროფესია, ამ საქმეში მე სულ და გულს ვდებ. და გარდა ამისა დღევანდელ დღეს დამწყები მსახიობის შემოსავალი თითქმის არაფერი არ არის.
და ბოლოს მინდა ესეთი რამ გკითხოთ, სხვადასხვა სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ XXI საუკუნეში უფრო მეტი ინტერესი კინოს მიმართაა ვიდრე თეატრის მიმართ. თქვენი აზრით, რითია ეს ფაქტი გამოწვეული?
ჩემი აზრით. უბრალოდ არ აქვთ გააზრებული ის რასაც სპექტაკლი მისცემს. საერთოდ მიმაჩნია რომ, თუ ახალგაზრდამ ერთხელ მაინც ნახა დადგმა ისე რომ, ჩასწვდა მის მთელ აზრს მაშინ ნარკოტიკივით მასზე დამოკიდებული გახდება. თეატრი კინოსგან განსხვავებით ცოცხალია, რადგან იქ ყველაფერი რეალურია, ყოველგვარი დამატებითი ეფექტების გარეშე.
რესპოდენტი_ ლუკა ქიტუაშვილი
თქვენი აზრით, არის თუ არა თეატრი მნიშვნელოვანი საზოგადოებისათვის და ახდენს თუ არა რაიმე სახის გავლენას?
ვფიქრობ, რომ დიდ გავლენას ახდენს მაგრამ კარგს თუ ცუდს ვერ გეტყვი, საკამათო საკითხია. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ ადრე ინკვიზიცია სჯიდა, რადგან ეკლესიას არ აწყობდა, რომ საზოგადოებას ეაზროვნა. აქედან გამომდინარე ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ის ზრდის ადამიანის მსოფლმხედველობას და გაყავს სხვა განზომილებაში ასევე სხვა კუთხით აჩვენებს სამყაროს.
მინდა გკითხოთ, თქვენ როგორ უყურებთ მსახიობობას, როგორც პროფესიას, თუ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხს?
მსახიობობა სამსახური ვერ იქნება. სამსახური შეიძლება იყოს ბუღალტრობა, მაგრამ არა მსახიობობა, რადგან აქ ვერავინ დაგავალებს რომ რამე გააკეთო, აქ ყველაფერი ადამიანის განწყობაზეა დამოკიდებული, თუ მე დღეს ვერ შევძლებ ჩემი როლის მორგებას მე სულ არ მივალ რეპეტიციაზე. ასე რომ ჩემთვის ეს სულ სხვა საკითხია და მას მხოლოდ სამსახურის კუთხით ვერ შევხედავ.
და ბოლოს მინდა ესეთი რამ გკითხოთ, სხვადასხვა სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ XXI საუკუნეში უფრო მეტი ინტერესი კინოს მიმართაა ვიდრე თეატრის მიმართ. თქვენი აზრით, რითია ეს ფაქტი გამოწვეული?
თეატრი სულ სხვაა, აქ მაყურებელი პირდაპირ უყურებს ყველაფერს, მსახიობი მას ელაპარაკება პირდაპირ, ეს არის აღქმის ფაქტორიც, და გარდა ამისა უფრო მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს. შეიძლება უბრალოდ დღეს თეატრი ნაკლებ ინტერესს იწვევს, რადგან ბევრია ისეთი ვისაც უბრალოდ არ ესმის საერთოდ რა არის სპექტაკლი. ჩემი აზრით, სკოლამ უნდა იზრუნოს, რომ ბავშვს თეატრის სიყვარული ჩაუნერგოს.
ინტერვიუ საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, და მინდა ავღნიშნო, რომ ორივე რესპოდენტს ცალ-ცალკე ვესაუბრე თუმცა მათი მოსაზრებები გარკვეულ საკითხებში დაემთხვა მათ შორის საუბრისას ორივემ ახსენა, სოციალური ფაქტორის გავლენა.
ცოტა რამ ქართული თეატრის ისტორიიდან...
ქართულ მუდმივ სცენას ბედმა წილად არგუნა ჩვენი საზოგადოების გამოფხიზლება და კიდევ ბევრი სხვა სიკეთის მოტანა
ჩვენი ქვეყნისათვის,
რისთვისაც ერი და ქვეყანა დიდი პატივისცემით და ღრმა სიყვარულით მოიგონებს მას. ვ,გუნია
საქართველოში თეატრალური სანახაობები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა. რა თქმა უნდა არა ისეთი სახით, როგორი სახითაც დღეს გვევლინება. ეწყობოდა სხვადასხვა შეჯიბრებები, თამაშობები, რიტუალები და ყოველივე ეს სანახაობა შეიცავდა თეატრალურ ელემენტებს. სანახაობებში მრავლად იყო ცეკვის და მუსკის ელემენტები, სიუჟეტიც სხვადასხვა იყო, იყენებდნენ ნიღბებს, კოსტუმებს. ასეთი წარმოდგენები ხალხში იმართებოდა და თვითონ ხალხი მართავდა მათ.არქეოლოგიური გათხრების შედეგად დგინდება, რომ საქართველოში უძველესი დროიდან იმართებოდა სანახაობითი წარმოდგენები. ძველი ქალაქების ნანგრევებში აღმოჩენილია ნაგებობების კვალი, რომელთაც ეტყობა, რომ ეს ნანგრევები ადრე თეატრის სცენა იყო.Aარის ამფითეატრის მზგავსი ნაგებობების კვალიც. ეს მასალები იმას მოწმობენ, რომ ასეთი წარმოდგენებისთვის არსებობდა სპეციალური ადგილები, სადაც ხალხის თავშეყრის ადგილი იყო. როგორც უკვე ვნახეთ თეატრი აერთიანებს ხელოვნების თითქმის ყველა იმ დარგს რომელიც უძველესი დროიდან ქართველი ერის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. მის გასაუთრებულ მნიშვნელობაზე ილია ჭავჭავაძე საუბრობს თავის ნაშრომში ,,რჩეული წერილები" სადაც ის ამბობს, რომ თეატრი არის ის ადგილ სადაც ქართველ ერს შეუძლია, რომ თავისუფლად ილპარაკოს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ქართველი მოწინავე ინტელიგენცია ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართულ თეატრს რეგულარულად გაემართა წარმოდგენები.1878 წელს სცენისმოყვარეთა წრე მოღონიერდა ნიჭიერი ძალებით. მას სათავეში ჩაუდგა დროებითი “დრამატული კომიტეტი”, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი მოღვაწენი: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, დავით ერისთავი, ნიკო ავალიშვილი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ. 1879 წლის მაისში ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა მოიწვია თათბირი მუდმივი თეატრის დაარსების შესახებ. თათბირმა დაადგინა, დაარსებულიყო დრამატული საზოგადოება. შეადგინეს ამ საზოგადოების წესდება, პირველი გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ილია ჭავჭავაძე. იმავე წლის მაისში შედგა მუდმივი ქართული თეატრის დასი. ქართული თეატრის სპექტაკლებისათვის გამონახეს მუდმივი შენობა. ეს იყო თეატრად გადაკეთებული ქარვასლის ნაწილი, ყოფილი სასახლის ქუჩაზე. ქართული თეატრის შენობა იდგა იქ, სადაც ახლა უნივერმაღი და მეტროს სადგურია. . ამ შენობაში ქართული თეატრი მუშაობდა 1914 წლამდე. გაუგებარი მიზეზის გამო ის ძველი თეატრი და კოლონადა დაანგრიეს.
1879 წელს განახლებულ ქართულ თეატრს, ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ, ამოცანად ენის გადარჩენა და ერის გამოფხიზლება დაუსახა. ეს იდეა იყო თეატრის მამოძრავებელი ძალა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, თეატრის დროშა და გზის მაჩვენებელი. ამიტომ ქართული თეატრი მუდამ იყო ეროვნული დაწესებულება, ამ სიტყვის ფართო გაგებით (მოგვიანებით, 1918 წელს, ვ.შალიკაშვილი იტყვის კიდევაც "ჩვენ მაშინდელი მსახიობები უფრო პოლიტიკური მოღვაწენი ვიყავითო"). ამან კი მკაცრად განსაზღვრა ქართული თეატრის პროფილი, განსაკუთრებით სარეპერტუარო პოლიტიკა, შესაბამისად, თავისებურება და თუ გნებავთ სპეციფიკაც. ეროვნული პათოსი, რაც ასე თანხმიერი იყო საზოგადოების სულისკვეთებასთან, - გარკვეულწილ ად განსაზღვრავდა ამ თავისებურებას. ამიტომ უწოდა ნ.ხიზანიშვილმა ჩვენს თეატრს "ეროვნული კათედრა". ამიტომაც თეატრის გარშემო მუდამ მოწინავე საზოგადოება, ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი იყრიდა თავს და ვისაც როგორ შეეძლო ზრუნვას და სიყვარულს არ აკლებდნენ მშობლიურ თეატრს, ეროვნულ ტაძარს, სადაც ქურუმებივით თავდაუზოგავად იღწვოდნენ საზოგადოების კერპები, ხალხის საყვარელი მსახიობები.
ქართულ თეატრს ისტორიულად მოკლე პერიოდში მოუხდა იმ საფეხურების გავლა, რომელიც ევროპის თეატრებში საუკუნეებით ვითარდებოდა. ევოლუციის სახვადასხვა დონე განპირობებული იყო თითოეული ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიულ თუ პოლიტიკურ, სოციალურ- ეკონომიური და ეთნოგენური თავისებურებებით. ამ ზოგადი კანონზომიერების კონტექსტში იკვეთება ქართული თეატრის მიერ განვლილი გზაც. ხალხური სანახაობითი ფორმების რთულ, მაღალპროფესიულ, სინთეზურ ხელოვნებამდე ამაღლება, არსებითად საერთოდ, ევროპული თეატრალური ცივილიზაციის მოდელია, რომლის ორგანული ნაწილიც არის ქართული თეატრი. თუმცა ქართულ ხალხურ თეატრალურ ფოლკლორში უთუოდ იგრძნობა მცხუნვარე აზიური სანახაობათა გამოძახილი..
ბიბლიოგრაფია I ვახტანგ ბერიძე, მოგონებები, თბილისი, 1987 წ. II გ. ბეჟანიშვილი, რუსთაველის პროსპექტი და მოედანი, 1967 წ. III www.google.com ,,შესავალი თანამედროვე აზროვნებაში" წიგნი 2, 2008 წ. |
ხელოვნება და თეატრი
თემაზე საუბარი მინდა დავიწყო ზოგადად ,,ხელოვნების ” განმარტებით. ამ სიტყვას საკმაოდ ვრცელი და მრავალმხრივი გაგება აქვს. ის არის ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვა ნაწარმოებში. ხელოვნება ხშირად აღიქმება, როგორც ბუნებრივის საპირისპირო ცნება და მისი განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს. ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკა, ცეკვას, მხატვრობას, თეატრსა და ფოტოგრაფიას. ამ დარგებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თეატრი, რადგან ჩემი აზრით, მას დიდი დანიშნულება აქვს, გარდა ამისა ის საკმაოდ საინტერესო და ფართო თემაა. :)
ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ თეატრზე. პირველ რიგში განვმარტოთ თეატრის, როგორც ტერმინის მნიშვნელობა. სიტყვა თეატრი ბერძნულად theatron - სანახაობის ადგილს ნიშნავს, თუმცა ის ორი მნიშვნელობით გამოიყენება. პირველი ეს არის თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი და მეორე- შენობა, სასცენო ადგილი სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა.
ეატრის ფესვები უძველესი დროიდან მოდის. მან სათავე თავდაპირველად მოხეტიალე ციგნებიდან და აკრობატებიდან აიღო შემდეგ კი განვითარება ძველ რომში ჰპოვა. ამის დამადასტურებელია რომაელთა ცნობილი ფრაზა ,,პური და სანახაობა"
ხელოვნების ამ დარგს საკმაოდ ბევრი განხრა აქვს და ამის ნათლად აღსაქმელად გთავაზობთ პატარა სქემას.
თეატრს ჩემი აზრით, ერთი განსაკუთრებული და დადებითი მხარე აქვს რაც მას უფრო საინტერესოს ხდის. ეს არის ის ფაქტი რომ, ის აერთიანებს ხელოვნების რამოდენიმე მნიშვნელოვან დარგს. ესენია: ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა და ქორეოგრაფია. ამის დასამტკიცებლად განვიხილოთ თითოეულის ფუნქცია თეატრში.
ლიტერატურა_ ეს არის თეატრალური წარმოდგენის მთავარი ღერძი, რაზეც შემდეგ იქმნება სპექტაკლი. არ აქვს მნიშვნელობა ნაწარმოები ცნობილს მწერალს თუ უბრალო მოვარულს ეკუთვნის. ის ყველა შემთხვევაში არის ლიტერატურული ნაშრომი.
მხატვრობა_ ხელოვნების ეს დარგიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია სრულყოფილი სპექტაკლის შექმნისთვის. გარდა იმისა, რომ მხატვრობა უზრუნველყოფს დეკორაციებს, რაც გვეხმარება რომ, უკეთ აღვიქვათ სპექტაკლში მიმდინარე მოვლენები და დრო თუ როდის ხდება მოქმედება, ასევე ის უზრონველყოფს კოსტუმებს და რაც მთავარია უფრო ლამაზ და საინტერესო სანახაობას ქმნის.
მუსიკა_ მუსიკალური გაფორმება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი დახმარებით რეჟისორი მაყურებელში ქმნის ვითარების შესაბამის განწყობას.
ქორეოგრაფია_სპექტაკლში ხშირად ვხვდებით საცეკვაო ნომრებს რაც საკმაოდ ლამაზ სანახაობს ქმნის და ზოგ შემთხვევებში ის ვითარების განსატვირთადაც გამოიყენება.
ქორეოგრაფია_სპექტაკლში ხშირად ვხვდებით საცეკვაო ნომრებს რაც საკმაოდ ლამაზ სანახაობს ქმნის და ზოგ შემთხვევებში ის ვითარების განსატვირთადაც გამოიყენება.
ბიბლიოგრაფია
I ინტერნეტი
I ინტერნეტი
http://ka.wikipedia.org/
II X კლასის ხელოვნების წიგნი.
Tuesday, February 5, 2013
გამარჯობათ :) მე ვარ თამარ კვეკვესქირი, მესამე კურსის სტუდენტი. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე. გადავწყვიტე შევქმნა საიტი ხელოვნების ერთ-ერთ დარგზე, თეატრზე. ეს თემა ავირჩიე იქიდან გამომდინარე, რომ არის საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი. ასევე მიმაჩნია რომ თეატრს გარდა გასართობი ფუნქციისა აქვს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა, როგორიცაა მაგალითად წარმოსახვის განვითარება. ახალს და გასაოცარს ამ თემაზე ალბათ ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ ვეცდები ჩემი თვალით აღქმული თეატრი და მისი მნიშვნელობა თქვენც დაგანახოთ. ასევე მინდა შემოგთავაზოთ სხვადასხვა კვლევები თეატრთან დაკავშირებით. რაც მთავარია მინდა ვისაუბრო იმაზე თუ როგორ აერთიანებს თეატრი ხელოვნების რამოდენიმე დარგს. იმისათვის რომ გქონდეთ წარმოდგენა თუ კონკრეტულად რა საკითხებს მოიცავს ჩემი თემა გთავაზობთ ასოციაციურ რუკას.
Subscribe to:
Posts (Atom)